სასწავლო რესურსების შეფასება
სასწავლო რესურსი
როგორც ცნობილია, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით, დამატებითი აქტივობების ჩამონათვალში შედის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმის შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნაც, რაც სავალდებულო აქტივობაა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისათვის სტატუსის შესანარჩუნებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილისა და შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ასეთ რესურსს შექმნის, ის „თამაშგარე მდგომარეობაში“ დარჩება. რადგანაც რესურსი ან პროფესიული ლიტერატურა არ არის / არ უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების, მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული აქტივობისათვის კრედიტი მომდევნო საფეხურზე მიიღოს.
რესურსი სასწავლო პროცესის აუცილებელი კომპონენტია, ამიტომაც ეთმობა მას ცალკე თავი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ვკითხულობთ: „სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის (ესგ, შესავალი, თავიII, მუხლი 8., 2011-2016), რაც, შესაბამისად, ასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც.
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში?
1. ელექტრონული რესურსები:
1) კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები;
2) საგანმანათლებლო ვებ-გვერდი;
3) სასწავლო მიზნით შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი, აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია)
2. თვალსაჩინოება:
1) პლაკატი (ტაბულა, სქემა, ცხრილი);
2) რუკა/ატლასი;
3) მასალა საგანმანათლებლო თამაშებისათვის (მაგ., მოძრავი ანბანი, ლოტო, სხვ.);
4) მასალების კოლექცია (მაგალითად, მინერალები, ძველი მონეტები, ჰერბარიუმი და სხვ.);
5) დანადგარი / ხელსაწყო/მაკეტი/დეკორაცია;
6) ინტერაქტიური პრეზენტაცია Power Point-ის გამოყენებით.
რატომ არის სასწავლო პროცესში რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი?
· რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში;
· უპასუხებს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას;
· სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო;
· იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია;
· იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;
· მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები.
აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. მასწავლებლები ხშირად მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზად რესურსების ნაკლებობას ასახელებენ, თუმცა, საბედნიეროდ, სისტემაში არიან ისეთებიც, რომლებიც საიდანღაც რესურსების მუდმივი მოლოდინის ნაცვლად თავად ქმნიან საინტერესო რესურსებს. მცირედი შემოქმედებითობა და შეიძლება გადასაყრელად გამზადებული ნივთები თუ ძველი ჟურნალ-გაზეთები მასწავლებლის ხელში მოსწავლეებისათვის მამოტივირებელ, ინტერესის აღძვრისა და საკითხში ჩაღრმავების წყაროდ იქცეს. თავად მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსის შექმნას ან უკვე შექმნილის მოდიფიცირებას ერთი არსებითი უპირატესობა აქვს: მას შეუძლია ამ რესურსის მორგება კონკრეტული კლასის, ასაკის, ჯგუფის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებთან. თუ მასწავლებელი კარგად იცნობს საკუთარ მოსწავლეებს, იცის მათი ინტერესები, ინდივიდუალური თავისებურებები, ადვილად მოახერხებს დააკმაყოფილოს მათი სასწავლო საჭიროებები, გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს უკეთესი შედეგები.
იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი იყოს ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიც, აუცილებელია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:
1. რესურსის მართებულად გამოყენება ნიშნავს იმას, თუ რამდენად შეესაბამება ის გაკვეთილის მიზანს. რესურსის შექმნისას მასწავლებელს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მის მიერ შემნილ რესურსს, დაეხმარება თუ არა ის დასახული შედეგების მიღწევაში.
2. მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების ცხოვრებისეულ თუ სასწავლო გამოცდილებას. მან იმდენად უნდა დააინტერესოს მოსწავლე, რომ მას იმავე თემის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდეს.
3. რესურსმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა და გაუძლიეროს მათ თანამშრომლობის სურვილი. რესურსი, რომელიც მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამ კეთებით რაღაცის აღმოჩენას (მით უმეტეს, თუ ეს „რაღაც“ საერთო ძალისხმევის შედეგია), ამ შემთხვევაში შეგვიძლია თქმა, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა „პროდუქტმა“ გაამართლა.
4. მნიშვნელოვანია, რომ რესურსი არ იყოს ორიენტირებული მოსწავლეების რომელიმე ერთი უნარის განვითარებაზე, არამედ იძლეოდეს უნარების კომპლექსურად განვითარების საშუალებას. მაგალითად, სასწავლო ფილმის შექმნისას მასწავლებელს შეუძლია ჩართოს მოსწავლეები სცენარის წერაში (წერის უნარი), ფილმის გახმოვანებაში (ზეპირმეტყველების უნარი), მიიღოს მათგან რჩევები ხედებისა და რაკურსების შესარჩევად (სივრცითი ინტელექტი), დააფიქროს განათების წყაროებზე (ფიზიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარი) და ა.შ.
5. რესურსი უნდა მისდევდეს გარკვეულ სქემას და იყოს თანამიმდევრული. ორგანიზებულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსის შედგენისას. როცა მასწავლებელს თავიდანვე აქვს განსაზღვრული რესურსის მიზნები, შეძლებს თანამიმდევრულად დაალაგოს მასალა, რომელიც მოსწავლეებს მისცემს საკითხის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების საშუალებას.
6. რესურსმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ საკითხს, გააანალიზონ, შეხედონ სხვადასხვა კუთხიდან, დაადგინონ კანონზომიერებები.
7. რესურსს უნდა ერთვოდეს მკაფიო და ადვილად გასაგები ინსტრუქცია, მიწოდებული იმ ენით, რომელიც შეესაბამება სამიზნე მოსწავლეთა ცოდნის დონეს.
8. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეებს, გამოიყენონ სწავლის სხვადასხვა სტრატეგია, რათა შემდეგ თავად შეძლონ დამოუკიდებლად საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა, საკუთარ თავისებურებებზე მორგებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება.
9. რესურსი უნდა ემყარებოდეს სანდო წყაროებს. მოსწავლეებმა უნდა აღიქვან, მოისმინონ და წაიკითხონ ის მასალა, რომლის მეშვეობითაც გაიღრმავებენ ცოდნას, ამიტომ აუცილებელია, რესურსის შექმნისას მასწავლებელმა იხელმძღვანელოს ავთენტური წყაროებით - ენციკლოპედიით, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომებით, სხვადასხვა სახის ლექსიკონებით, რომლებიც მოსწავლის ცოდნის დონის შესაბამისად იქნება ადაპტირებული და დამუშავებული.
10. რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეს მიღებული ცოდნა გამოიყენოს საკლასო ოთახის გარეთაც, დაუკავშიროს ის რეალობას, პრაქტიკას.
11. რესურსის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად ფართოა მისი გამოყენების არეალი. შეიძლება თუ არა ერთი და იგივე რესურსი გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტივობისათვის, სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
12. დაბოლოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად უსაფრთხოა რესურსი. უნდა მოვერიდოთ მსხვრევადი, ტოქსიკური ნივთიერების შემცველი მასალის, ბასრი საგნების / დეტალების გამოყენებას და ა.შ. ერთი შეხედვით უსაფრთხო რესურსი შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისათვის, ამიტომ რესურსის შეთავაზებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი რისკი და წინასწარ მიიღოს ზომები მისი თავიდან აცილებისათვის.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რამდენად ეფექტიანი იქნება ამა თუ იმ რესურსის გამოყენება, აუცილებელია დავადგინოთ სხვადასხვა სახის რესურსის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამის დადგენა მასწავლებელს აძლევს საშუალებას, წინასწარ განჭვრიტოს, რის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ უარყოფითი მხარეები მაქსიმალურად შეამციროს. მაგალითად, თუ რუკა/სქემა/პლაკატი დიდი ფორმატისაა და მისი გამოყენება მხოლოდ საერთო საკლასო მუშაობისას არის მოსახერხებელი, მასწავლებელს შეუძლია შედარებით მცირე ფორმატის რამდენიმე ასეთი თვალსაჩინოება შექმნას მცირე ჯგუფებში სამუშაოდ.
გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა რესურსის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები:
რესურსის ტიპი
|
პლაკატები, დიაგრამები, სქემები, რუკები
|
დადებითი მხარეები
|
1. ხშირად გამოიყენება სპეციფიკური საილუსტრაციო მიზნებისათვის. დამახსოვრების ხარისხი იზრდება, რადგან ინფორმაცია შედის ორი გზით: აუდიალური და ვიზუალური.
2. გამოიყენება ყველა სასწავლო საგანსა და მეთოდით მუშაობის დროს.
3. სასწავლო გარემოს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის (თუ დიდხანს არ კიდია კედელზე).
4. ადვილი შესანახია.
5. დიდია საკითხის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის აღძვრის ალბათობა.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. მალე ცვდება.
2. ხშირი გამოყენების შემთხვევაში მოსწავლის თვალი ეჩვევა და მოსაბეზრებელი ხდება.
3. დიდი ფორმატის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ საერთო საკლასო მუშაობისას.
4. მხედველობის პრობლემის მქონე ან მოშორებით მსხდომი მოსწავლეებისათვის ძნელად აღსაქმელია.
|
რესურსის ტიპი
|
მოდელები, მაკეტები
|
დადებითი მხარეები
|
1. იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგების შესაძლებლობას.
2. იძლევა რეალობის შთამბეჭდავი ვიზუალიზაციის შესაძლებლობას.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. რთულია და შეიძლება ძვირიც მისი დამზადება.
2. სიდიდიდან და მასალიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძნელი შესანახი.
3. შეიძლება შეიცავდეს საფრთხის შემცველ დეტალებს.
|
რესურსის ტიპი
|
ტექნიკური აღჭურვილობა, აპარატურა
|
დადებითი მხარეები
|
1. მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოსცადონ ჰიპოთეზები, დააკვირდნენ, როგორ მუშაობს აპარატურა პრაქტიკაში.
2. მოსახერხებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის დროს.
3. შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. დასამზადებლად რთულია და შეიძლება დაჯდეს ძვირი.
2. რთულია მისი ხშირად გამოყენება, თუ მოითხოვს დიდ ფართსა და დროს.
3. რთულია შესანახად, რადგან საჭიროებს სპეციალურ სათავსოს.
|
რესურსის ტიპი
|
მასალების კოლექცია (მაგალითად, მინერალები, ძველი მონეტები, ჰერბარიუმი და სხვ.)
|
დადებითი მხარეები
|
1. იძლევა სხვადასხვა საგნის შინაარსის უკეთ გაგების შესაძლებლობას.
2. აღძრავს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს.
3. უბიძგებს მოსწავლეებს ჰიპოთეზების გამოთქმისკენ და ეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში.
4. გამოიყენება არერთჯერადად.
5. შეიძლება სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან და სხვადასხვა საგანში გამოყენება.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. შეგროვება მოითხოვს ხანგრძლივ დროს
2. ძნელი შესანახია.
3. საჭიროებს ზუსტ აღრიცხვასა და კატალოგიზაციას.
|
რესურსის ტიპი
|
აუდიო საშუალებები
|
დადებითი მხარეები
|
1. იძლევა ჩაწერილი მასალების მოსმენის საშუალებას (მაგალითად, ინტერვიუების, მუსიკალური ჩანაწერების და სხვ.).
2. იძლევა რეალური პიროვნებების გამოცდილების გაცნობისა და მათგან ინფორმაციის მოსმენის საშუალებას.
3. მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს სპეციფიკური ამბების ჩანაწერი, როგორც საილუსტრაციო მაგალითი.
4. განსაკუთრებით ეფექტიანია ენის სწავლების დროს.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. მომზადება, ჩაწერა და რედაქტირება მოითხოვს დროს.
2. უნდა იყოს საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მისი გამოყენება შეძლონ მცირე ჯგუფებმა.
3. მოითხოვს ზუსტ კატალოგიზაციას.
|
რესურსის ტიპი
|
ელექტრონული: კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები
|
დადებითი მხარეები
|
1. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით.
2. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და, საერთოდ, საგნის მიმართ.
3. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი (ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური).
4. აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში.
2. საჭიროებს შესაბამის კომპიუტერულ ტექნიკას და დენის მუდმივ წყაროს.
|
რესურსის ტიპი
|
ელექტრონული - საგანამანათლებლო ვებგვერდი
|
დადებითი მხარეები
|
1. იძლევა სხვადასხვა სახის ინფორმაციის, ტექსტების, სურათების, ვიდეო და აუდიომასალის გამოქვეყნების, დამატებისა და რედაქტირების საშუალებას.
2. იძლევა იმის კონტროლის საშუალებას, თუ ვის მიუწვდება განთავსებულ ინფორმაციაზე ხელი.
3. შესაძლებელია ინფორმაციის გაზიარება როგორც მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსწავლისათვის, ისე ფართო აუდიტორიისათვის.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში.
2. საჭიროებს დიდ დროს.
3. არის არასანდო ინფორმაციის მოხვედრის საფრთხე.
|
სასწავლო რესურსი
|
ელექტრონული - მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი, აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია).
|
დადებითი მხარეები
|
1. მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით.
2. მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და, საერთოდ, საგნის მიმართ.
3. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა არხი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხი მაღალია.
4. აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.
|
უარყოფითი მხარეები
|
1. ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში.
2. მოითხოვს დიდ დროს და მუდმივ განახლებას.
|
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო რესურსი?
იმისათვის, რომ შეფასდეს წარმოდგენილი სასწავლო რესურსი, აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
· ყველა ტიპის სასწავლო რესურსს უნდა ახლდეს რეფლექსია, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რა მიზნით შექმნა მასწავლებელმა რესურსი, როგორ გამოიყენა ის სასწავლო პროცესში, ასევე რა შედეგს მიაღწია მოსწავლეებთან ამ რესურსის გამოყენებით.
· საგანამანათლებლო ვებ-გვერდი უნდა იყოს საავტორო. მასზე განთავსებული უნდა იყოს ავტორის მიერ შექმნილი მასალა, არა მხოლოდ ის რესურსები, რომლებიც მასწავლებელს აქვს ან ჰქონდა წარდგენილი კრედიტქულების მოსაპოვებლად. სხვის მიერ შექმნილ რესურსებზე მითითებული უნდა იყოს წყარო/ავტორი.
· ყველა ტიპის თვალსაჩინოება უნდა იყოს ორიგინალური და უნიკალური, რომელიც არ არის ერთჯერადი გამოყენების და ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვაში. რესურსს უნდა ახლდეს შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გამოყენებას სხვა მასწავლებლების მიერ.
· იმ სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენებაც შესაძლოა შეიცავდეს ფიზიკურ საფრთხეს, უნდა ახლდეს უსაფრთხოების მკაფიო ინსტრუქცია.
რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა სასწავლო რესურსის შექმნის დასადასტურებლად?
ცხრილში წარმოდგენილია სასწავლო რესურსის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სასწავლო რესურსი
|
დამადასტურებელი დოკუმენტაცია
|
ბეჭდური/ხელნაწერირესურსები
|
- ბეჭდური რესურსის ელექტრონული ვერსია Word-ის, PDF, Power Point-ის, ან Excel-ის ფორმატში;
- ხელნაწერი რესურსის დასკანერებული ასლი
|
ელექტრონული რესურსები
|
- ვებგვერდის მისამართი, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული რესურსი / ბმული
|
თვალსაჩინოება
|
- თვალსაჩინოების ამსახველი ფოტომასალა;
- სასწავლო პროცესში მისი დანიშნულების დასაბუთება.
|
სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1
|
2
|
3
|
4
| |
1.
|
რესურსის შესაბამისობა საგანმანათლებლო მიზნებთან, რომლებიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას
|
სასწავლო რესურსი არ შეესაბამებასაგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
|
რესურსის კავშირი საგანმანათლებლო მიზანთან / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან ბუნდოვანია.
|
რესურსი შეესაბამებასაგანმანათლებლო მიზნებს / ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
|
რესურსი სრულად შეესაბამება ეროვნუ სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებს; სასწავლო მიზნები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.
|
2.
|
სასწავლო რესურსის შესაბამისობა მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებთან
|
არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
|
მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი რესურსი.
|
გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები.
|
სრულად შეესაბამება მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებს.
|
3.
|
სასწავლო რესურსის შინაარსობრივი გამართულობა
|
რესურსი შინაარსობრივად გაუმართავია. მისი გამოყენება შეუძლებელია სამიზნე ჯგუფის მიერ. რესურსი უსისტემოა / ქაოტურია.
|
რესურსს აკლია შინაარსობრივი გამართულობა, ნაკლებად ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაძლებელია მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ არ არის კარგად ორგანიზებული, აკლია ლოგიკურობა და თანამიმდევრულობა.
|
რესურსი შინაარსობრივად გამართულია, თუმცა სრულად არ ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. რესურსი კარგადაა ორგანიზებული, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან
ან
რესურსი შინაარსობრივად გამართულია, ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს, ჩანს კავშირი საგაკვეთილო პროცესთან, თუმცა არ არის სათანადოდ ორგანიზებული.
|
რესურსი შინაარსობრივად გამართული და მრავალმხრივია; სასარგებლოა და ღირებული სამიზნე ჯგუფისთვის. შესაძლებელია მისი ეფექტიანად გამოყენება რეალურ სიტუაციაში, უადვილებს მომხმარებელს სასურველი შედეგის მიღწევას. რესურსი კარგად არის ორგანიზებული, ლოგიკური და თანამიმდევრულია.
|
4.
|
სასწავლო რესურსის ინოვაციურობა / ორიგინალურობა
|
რესურსი არ არის ორიგინალური, არ არის აქტუალური.
|
რესურსი ნაკლებად ორიგინალურია / სხვა, უკვე არსებული რესურსების მსგავსია.
|
რესურსი ნაწილობრივ ორიგინალურია / შეიცავს ორიგინალურ ელემენტებს.
|
რესურსი არის ახალი, უნიკალური და საინტერესო. მასში ჩანს პიროვნული მიდგომა, ინდივიდუალური სტილი.
|
5.
|
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი
|
რესურსი არ არის ინტერაქტიური. მისი პრაქტიკული გამოყენების არეალი ვიწროა.
|
რესურსი ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში; არ უწყობს ხელს მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას. მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი გადამუშავების შედეგად.
|
რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართვას სასწავლო პროცესში; მცირე მოდიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. რესურსი იძლევა ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციების განვითარების საშუალებას.
|
რესურსი ინტერაქტიურია და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საგანში და მრავალჯერადად. ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებას / რესურსი სრულად ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის გამოჭოლი კომპეტენციების განვითარებას.
|
წარმოდგენილი რესურსი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 51%-ს და მეტს, ანუ 20 ქულიდან მინიმუმ 11-ს.
რესურსი არ შეფასდება, თუ ავტორი:
1. არ იცავს ინტელექტუალურ უსაფრთხოებას: ინფორმაცია არ არის სანდო; ინფორმაცია ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს (შეიცავს ანტიკონსტიტუციურ დებულებებს);
2. არ იცავს საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი);
3. წარმოადგენს იმ აქტივობებს, რომლებიც შეფასდა 2011-2014 წლების ”მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის” ფარგლებში;
4. წარმოადგენს ”მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” ამოქმედებამდე შექმნილ რესურსებს. გამონაკლისს წარმოადგენს ამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.
რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურა
რა ითვლება რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურად სქემის ფარგლებში?
პროფესიული ლიტერატურა მოიცავს შემდეგი ტიპის ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოქვეყნებულ მასალას:
1. სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია ზოგად პედაგოგიკაში ან საგნის სწავლების მეთოდიკაში;
2. დამხმარე მეთოდური ლიტერატურა:
ა) სამეცნიერო ნაშრომი ზოგად პედაგოგიკაში ან საგნის სწავლების მეთოდიკაში;
ბ) მეთოდური სახელმძღვანელო;
გ) მოსწავლის სახელმძღვანელო,
დ) სასკოლო[1] ანთოლოგია;
ე) ტესტების/სავარჯიშოების/ამოცანების კრებული;
ვ) სასკოლო ლექსიკონი.
3. გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო
რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მასწავლებელმა რეცენზირებული პროფესიული ლიტრატურის შექმნისდასადასტურებლად?
პროფესიული ლიტერატურა გულისხმობს შემდეგი ტიპის ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოქვეყნებულ მასალას:
4. სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია;
5. გრიფმინიჭებულისასკოლო სახელმძღვანელო;
6. დამხმარე მეთოდიკური ლიტერატურა.
ცხრილში წარმოდგენილია რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურა
|
დამადასტურებელი დოკუმენტაცია
|
სასწავლო-მეთოდოლოგიური სტატია
|
- სტატიის დასკანერებული გვერდები, რომლებიც ადასტურებს ავტორობას და აჩვენებს გამოყენებულ ლიტერატურას.
- თუ ელექტრონულად არის გამოქვეყნებული, ელექტრონული ჟურნალის ელ. მისამართის ან ორგანიზაციის ვებგვერდის მისამართის მითითება.
|
გრიფმინიჭებულისასკოლო სახელმძღვანელო
|
- სახელმძღვანელოს დასკანერებული გვერდები, რომლებიც ადასტურებს მის ავტორობას და გრიფის მინიჭებას;
|
დამხმარე მეთოდიკური ლიტერატურა
|
ბეჭდური:
- გამოცემის თავფურცლისა და შიდა გვერდის დასკანერებული ასლები, სადაც მითითებულია გამოცემის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის წელი, ავტორი/ავტორები, სარედაქციო ჯგუფი, ISBN; რეცენზიები.
ელექტრონული:
- ელექტრონული გამოცემის და/ან ორგანიზაციის ვებგვერდის მისამართი.
|
როგორ შევქმნათ სასწავლო-მეთოდური სტატია?
მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო-მეთოდური სტატია მიზნად უნდა ისახავდეს საკუთარი გამოცდილების, საინტერესო მი გნებების, პრაქტიკის კვლევის შედეგებისა და დასკვნების, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანის წარმატებული (ან თუნდაც წარუმატებელი) ცდების ანალიზის გაცნობას როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ისე განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატიების ფოკუსი იყოს მოსწავლე. სტატიამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უპასუხოს შეკითხვას: რა ეფექტი აქვს ყოველივე იმას, რასაც აუდიტორიას ვთავაზობთ უშუალოდ მოსწავლეებისათვის, რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას?
ზოგადად, სტატიის შექმნისას გასათვალისწინებელია რამდენიმე რეკომენდაცია.
1. სტატიის წერის პირველი ნაბიჯი არის თემის შერჩევა. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი სტატია სასურველია ეხებოდეს ერთ თემას. უპირველეს ყოვლისა, ეს თემა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს თავად თქვენთვის, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიისათვის, ანუ განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის (პირველ რიგში, მასწავლებლებისათვის), იმათთვის, ვინც შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის გამოყენებას / გათვალისწინებას.
2. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატიის ფორმატი. არსებობს ფორმატის სხვადასხვა სახე. მაგალითად:
· „პრობლემა + გადაჭრის გზა“ - გამოკვეთეთ პრობლემა, რომელიც აქტუალურია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის და განიხილეთ ის სტატიაში (მაგალითად, მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბევრი მასწავლებლისათვის პრობლემაა; რას ნიშნავს კარგი რეფლექსია - დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისათვის და ა.შ.). მთავარი არის ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ამ პრობლემის გადაჭრაში. აღწერეთ დეტალურად პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა. ასეთ შემთხვევაში მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ კარგი პრაქტიკოსი, რომელიც ეყრდნობა თეორიას და არა თეორეტიკოსი, რომელმაც თეორიულად იცის, რა არის კარგი, რა - ცუდი, მაგრამ პრაქტიკაში ის არ მოუსინჯავს.
· მეორე ფორმატს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მეთოდი, ორიენტირებული... (მაგ., შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, პრობლემის გადაჭრაზე და ა.შ.)“ - ეს არის დეტალური აღწერა მეთოდისა, რომელიც ან უცნობია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის, ან თქვენი გამოცდილება გიჩვენებთ, რომ მას არასწორად იყენებენ. სასურველია, აღწერასთან ერთად მიუთითოთ, რა დადებითი ეფექტი და რისკფაქტორები ახლავს ამ მეთოდის გამოყენებას. ასეთი დეტალური აღწერა მკითხველს დაარწმუნებს იმაში, რომ თქვენ თავად გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.
· მესამე ფორმატს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „გვეკითხებიან - ვუპასუხებთ“. ამ შემთხვევაში კარგია, თუ აღწერთ სიტუაციას, როცა თქვენთვის არაერთხელ გაუზიარებიათ კოლეგებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლები და უკითხავთ რჩევა, როგორ გადაჭრან ის. შეეცადეთ განაზოგადოთ ეს პრობლემა და მისცეთ მას კითხვა-პასუხის სახე. მაგალითად, „ხშირად გვესმის მასწავლებლებისაგან: არის კი შესაძლებელი დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება კლასში, სადაც 35 მოსწავლეა? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ...“ და თქვენ აწვდით მათ პასუხს, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ არსებულ თეორიებს/კვლევებს და აჩვენებთ ამის თუნდაც ერთ პრაქტიკულ მაგალითს.
· შემდეგი ფორმატი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პრაქტიკული რეკომენდაციები“, პირდაპირ იწყება ერთი ან რამდენიმე რეკომენდაციის დეტალური აღწერით. თქვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნით მკითხველს რა გააკეთოს, როგორ და რა მიზნით. სასურველია, თუ მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც შესთავაზებთ. მაგალითად, „იმისათვის, რომ ტექსტის გააზრებული კითხვა უზრუნველვყოთ, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა...“
გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები თქვენი სტატიიდან ელიან საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის რეალურ რჩევებს, ამიტომ ამ რჩევების პრაქტიკულობა (ცხადია, თეორიებზე დაფუძნებული) განსაკუთრებით დააინტერესებს მათ.
3. შემდეგი ნაბიჯი, ასევე მნიშვნელოვანი, არის სათაურის შერჩევა. გახსოვდეთ, არ არის საჭირო არც ზედმეტი ორიგინალურობა და არც ბანალურობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
· სათაურმა უნდა მიიპყროს თქვენი პოტენციური მკითხველის ყურადღება, მიანიშნოს, რომ ეს შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს.
· შეეცადეთ მოაქციოთ სათაურში ისეთი საკვანძო სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღუძრავს მკითხველს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ამასთანავე მიანიშნებს თქვენი სტატიის თემაზე.
· სათაური თვალის ერთი შევლებით უნდა აღიქვას მკითხველმა. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
· სათაური ძირითადად უნდა შედგებოდეს ნაცნობი სიტყვებისაგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება უცნობი ტერმინის „ჩაგდებაც“.
· არ არის რეკომენდებული სათაურში ზედმეტი ემოციის ჩადება ძახილისა თუ კითხვის ნიშნებით. ამან შეიძლება მკითხველს გაუჩინოს განცდა, რომ ავტორი ზედმეტად მენტორულია ან ცდილობს მანიპულირებას.
· სასურველია გამოიყენოთ სტატიის სათაურის დასაწყისად ერთი შეხედვით შაბლონური სიტყვები: მაგალითად, „როგორ...“, „როცა...“, „მოკლედ ... შესახებ“, „თუ...“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სტატიის სათაური ასეთი სიტყვებით უნდა დავიწყოთ. ეძებეთ საკუთარი სტილი, იფიქრეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტირებას.
4. შემდეგი ნაბიჯია დაგეგმვა. სწორედ თქვენ მიერ წინასწარ შექმნილი გეგმის მიხედვით ააგეთ სტატია. მთავარია „თავში გქონდეთ“ სტატიის კონცეფცია. გეგმა ყველასათვის ნაცნობი სამი კომპონენტისაგან შედგება - შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა:
· შესავალი. შესავალმა მკითხველი უნდა მიიყვანოს ძირითად თემასთან. სასურველია, თუ აქვე იქნება განსაზღვრული, რა პრობლემას ეხება სტატია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს (მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია თუ ყველა ერთად) და რას სთავაზობს მკითხველს. აქ თქვენ უნდა დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნელოვანი საკითხია მისთვის.
· ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილი უშუალო უნდა განიხილავდეს თემას. ის არაეფექტურია, თუ ბუნებრივად არ გამომდინარეობს შესავალი ნაწილისგან. აქ უნდა იყოს სწორედ განმარტებული თემის ძირითადი ცნებები ან მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები, ან ორივე ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე არსებითი და მთავარი. ნუ გადაიტანთ მკითხველის ყურადღებას მეორეხარისხოვანზე. კარგია, თუ სტატიას გაამდიდრებთ საინტერესო ფაქტებით პირადი გამოცდილებიდან (ცხადია, თემასთან დაკავშირებულით). თუ ახდენთ ვინმეს ციტირებას, სასურველია, იქვე გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულებაც ან ამ სიტყვებში გამოხატული აზრის დამადასტურებელი მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. ძირითად ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შესავალში დასმულ პრობლემას/საკითხს. გახსოვდეთ, თქვენს ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მკითხველისადმი კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და არა „ზემოდან დამოძღვრა“. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენას, თავისუფალს გაუგებარი ტერმინებისაგან, მარტივსა და უშუალოს.
· დასკვნა. დასკვნაში თქვენ ერთგვარად აჯამებთ სტატიაში მიმოხილულ საკითხს და აქცენტს აკეთებთ იმაზე, რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს და თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - სასარგებლო.დაუშვებელია დასკვნის ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა.
2. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ეს არის გამოყენებული წყაროების მითითება. გახსოვდეთ, არსებობს სტატიის პლაგიატზე შემოწმების საშუალებები.
3. დაბოლოს - ტექსტის ფორმატირება. იმისათვის, რომ თქვენი სტატიის შინაარსი ადვილად აღსაქმელი იყოს, მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, ანუ ფორმატირება, რომელიც „კარნახობს“ მკითხველს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ეხმარება მას წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. არსებობს ფორმატირების სხვადასხვა ხერხი. კერძოდ:
§ ქვეთემების / ქვეთავების გამოყოფა;
§ დანომვრა ან ე.წ. „ბულეტების“ გამოყენება;
§ საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყოფა (მაგ., ე.წ. „ბოლდით“);
§ სურათების, ფოტოების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება.
თუმცა ფორმატირებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფორმატირების ელემენტების გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზარალოს ტექსტის შინაარსი.
მთავარი და არსებითი: გახსოვდეთ, სასწავლო-მეთოდური სტატიის ხარისხი უპირველესად განისაზღვრება იმით, რამდენად გამოადგებათ მასწავლებლებს თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა და მოსწავლეების სწავლის პროცესი.
ცხადია, ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ უნივერსალურობის პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემას შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, ამიტომ სტატიის ავტორი წინასწარ უნდა იცნობდეს ამ მოთხოვნებს.
ბეჭდური რესურსებიდან ჩვენ გზამკვლევში არ შევეხებით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების კრიტერიუმებს, რადგან სახელმძღვანელოების ავტორთათვის ის კარგად არის ცნობილი.
რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შეფასების კრიტერიუმები:
1. პროფესიული ლიტერატურა უნდა ემსახურებოდეს შემდეგ მიზნებს:
ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის, ან საგნობრივი შინაარსისა და ამავდროულად მისი სწავლების მეთოდიკის გაცნობის გზით (მასწავლებლის სახელმძღვანელო, სამეცნიერო- პედაგოგიური ლიტერატურა, სტატია);
ბ) მასწავლებლის დახმარება სასწავლო პროცესის წარმართვაში (სასკოლო სახელმძღვანელო და მასწავლებლის წიგნი);
გ) სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარება სკოლის მართვის ახალი მეთოდოლოგიის გაცნობის გზით;
დ) მოსწავლეთათვის სასწავლო მასალის შეთავაზება, რომელიც დაეხმარება მათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევაში (გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სამუშაო რვეული...).
2. პროფესიული ლიტერატურა გამოცემულია სასწავლო-სამეცნიერო პროფილის მქონე რეგიონული, ეროვნული ან საერთაშორისო ბეჭდური ან ელექტრონული გამომცემლობის მიერ;
3. ბეჭდური სახით გამოცემულ პროფესიულ პუბლიკაციაზე (წიგნი. მოსწავლის/მასწავლებლის სახელმძღვანელო) უნდა იყოს რეცენზირებული. მას უნდა ჰყავდეს ორი რეცენზენტი: 1. მოქმედი მასწავლებელი; 2. შესაბამისი დარგის და/ან განათლების მეცნიერების აკადემიური სფეროს წარმომადგენელი;
4. ელექტრონული მასალა გამოქვეყნებულია სახელმწიფო / საერთაშორისო / არასამთავრობო ორგანიზაციის / პროფესიული გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. გამოქვეყნებულ მასალაში განხილული თემები ეხმიანება / შეესაბამება სასწავლო თემატიკას;
6. გამოქვეყნებულ მასალაში განხილული საკითხები შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
7. გამოქვეყნებულ მასალაში განხილული პრობლემები/საკითხები აქტუალურია თანამედროვე ზოგადი განათლების სისტემისთვის;
8. გამოქვეყნებულ მასალაში მოცემული ინფორმაცია სანდოა, ავტორის მოსაზრებები/შეხედულებები გამყარებულია ფაქტებით, მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა.
პროფესიული ლიტერატურა არ შეფასდება, თუ ავტორი:
· არ იცავს ინტელექტუალურ უსაფრთხოებას: ინფორმაცია არ არის სანდო; ინფორმაცია ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს (შეიცავს ანტიკონსტიტუციურ დებულებებს)
· არ იცავს საავტორო უფლებებს (არის პლაგიატი)
· წარმოადგენს იმ ნაშრომებს, რომლებიც უკვე შეფასდა 2011-2014 წლების ”მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის” ფარგლებში.
· წარმოადგენს ”მასწავლებელის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” ამოქმედებამდე შექმნილ რესურსებს. გამონაკლისს წარმოადგენს ამჟამად მოქმედი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.
წარმოდგენილი პროფესიული ლიტერატურა დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუკი იგი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს, ხოლო პირველი კრიტერიუმიდან ერთ პუნქტს მაინც.
Комментариев нет:
Отправить комментарий